Untitled 1

იგავი ზეციური მამის შესახებ, რომელიც მუდამ გველოდება – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

უძღები შვილის შესახებ იგავში საუბარია ადამიანისადმი  ჩვენი ზეციური მამის სიყვარულის შესახებ. ვიტყოდი, რომ უფრო მეტად შეესაბამება სახელი ‘’იგავი მოწყალე მამის შესახებ’’, რადგანაც ამ იგავურ ისტორიაში გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მამის მოწყალებას, ვიდრე მისი ძის დაცემას.

ერთმა ბრძენმა და სულიერმა ადამიანმა თქვა, სახარება რომ დაკარგულიყო და მხოლოდ ამ იგავის ტექსტი შემოგვრჩენოდა, საკმარისი იქნებოდა,  ეჩვენებინა ჩვენთვის, ერთი მხრივ, ზეციური მამის სიყვარული და, მეორე მხრივ, ადამიანის მიერ თავის შემოქმედ მამასთან დაბრუნების შესაძლებლობა და არა   მხოლოდ ეს, არამედ მთელი დიდებულება ღმერთისა და ადამიანის მამაშვილური ურთიერთობისა.

ამ იგავით, რომლის გასარჩევად ძალიან დიდი დროა საჭირო, ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი დაინახოს  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მასში სიღრმისეული აზრებია დაფარული. მგონია, რომ მამის დამოკიდებულებაზე დაკვირვება  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ძის სულიერი დაცემა, რადგან ჩვენ ყველანი ,,უძღები შვილები’’ ვართ, მასავით ჩვენც დავცემულვართ.

მეუფე ათანასე6
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

გარეგნულად შეიძლება მსგავს პირობებში არ ვიმყოფებით, მაგრამ თითოეულმა  ჩვენგანმა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით იცის, თუ რას ნიშნავს ღვთაებრივი სიყვარულის, სიმდიდრის განბნევა და გაფლანგვა. ეს მრუშობა შეიძლება გარეგნული და ხორციელი არ იყოს, მაგრამ ჩვენ შიგნით, გულში აღსრულდეს.  ჩვენი ეგოიზმით, სიამაყითა და საკუთარი თავის ქებით განვაბნიეთ ჩვენი საღმრთო სიმდიდრე.  რა თქმა უნდა, ვინც საკუთარ თავში ეს დაინახა და მამისკენ მიმავალ გზას დაადგა,  აუცილებლად მიეახლება ზეციური მამის გაშლილ მკლავებს, ხოლო ვინც ჯერ კიდევ არ შემდგარა ამ გზაზე,  კვლავ  წვალობს და ისევ ‘’ღორების მწყემია’’.

თქვენ ხედავთ ჩვენი შემოქმედი ღმერთის დამოკიდებულებას, რომელიც არა მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თავად როგორია, არამედ  იმის მაგალითსაც გვაძლევს, როგორი უნდა იყოს მშობელი.

უმცროსი შვილი მივიდა მამასთან და უთხრა:

– მამა, გთხოვ, მომეცი ქონების ნაწილი, რაც მე მეკუთვნის.

მან არც კი უსაყვედურა თავის შვილს და უმალვე გაუყო ქონება. ისიც კი არ უთხრა: არაფერსაც არ მოგცემ!  რაში გჭირდება? გაფლანგავ, ცოტას მოგცემ და, როცა მოვკვდები, დანარჩენსაც მერე მიიღებ! – ჩვენ ხომ ასე ვიტყოდით. მამამ არაფერი უთხრა, პირიქით, კეთილშობილება და სიმშვიდე გამოავლინა. შვილი ხომ ასე უსირცხვილოდ მივიდა მასთან და  მოსთხოვა ქონება, თითქოს უკვე მისი საკუთრება ყოფილიყო.

როგორც კი მიიღო ეს სიმდიდრე, შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მამა აღარ ენახა , რომ მისი კონტროლის არანაირი საშუალება ჰქონოდა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: “წარვიდა შორსა სოფელსა”. მას მამასთან არ უნდოდა ურთიერთობა და იქ სიძვაში განაბნია თავისი ქონება, ეს ძვირფასი მემკვიდრეობა,  მამისგან მიღებული.

როდესაც  ყველაფერი გაფლანგა, ქალაქში შიმშილობა დაიწყო. ბუნებრივია, მასაც ძალიან გაუჭირდა და თავის ერთ ნაცნობთან მივიდა, რომელმაც “მიხედა”, როგორც საჭირო იყო. სახლში კი არ შეიყვანა და უთხრა: შემოდი, ძმაო, ამდენი ხანი ერთად გავატარეთ და მოდი, ერთად ვიცხოვროთ. არა! მან ის თავისი ღორების მწყემსად დაადგინა.

აი, ასე, ეს მდიდარი ახალგაზრდა ღორების მწყემსვას შეუდგა. მამები ამბობენ: რა სასტიკია ჩვენი სულის მტერი! ის არანაირად არ გვინდობს და როდესაც ჩვენივე ვნებების მეშვეობით გვიმონებს, გვღუპავს, ჩვენს ღირსებას თელავს და გვამცირებს კიდეც.

ის ისე შიმშილობდა, რომ ღორებთან ერთად ჭამაზეც კი თანახმა იყო.  მისთვის ღორების საჭმელსაც კი არ იმეტებდნენ! ის ამ ღორებზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ საშინელ წამებაში მყოფს საკუთარი სახლი, მამა გაახსენდა, უეცრად გონს მოეგო და თქვა:  “რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა,  და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ,ვითარცა ერთი მუშაკთაგანი”.

რატომ თქვა ასე? იმიტომ, რომ ის იცნობდა თავის მამას და იცოდა,  როდესაც მასთან მივიდოდა,  აუცილებლად მიიღებდა, ხელს არ ჰკრავდა და ძველებურ პატივში დააბრუნებდა. რადგანაც ის კარგად აღზრდილი იყო, ისიც იცოდა,  როგორ მიემართა თავისი მამისთვის. როდესაც დაბრუნდა, თავხედურად კი არ განუცხადა: აი, მეც მოვედი და არ მკითხო, შენს ქონებას რა ბედი ეწია, შენი საქმე არ არის. წავედი და მოვედი, შენც მამაჩემი ხარ და ვალდებული ხარ, რაც შეგიძლია ის მომცე!

არაფერი მსგავსი. მან იცოდა,  როგორ მიემართა მამისთვის. მას  ბავშვობის სახლთან ბედნიერი მოგონებები აკავშირებდა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ, ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარხართ მშობლები, ან უკვე ხართ, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რომ თქვენი ვალდებულებაა იმის უზრუნველყოფა,  შვილებმა იცოდნენ,  როგორ ბოროტებაშიც არ უნდა გაეხვნენ, დედა და მამა მუდამ მიიღებენ მათ.

ეს ეხება ეკლესიას და სულიერ მამასაც: ადამიანმა უნდა იცოდეს,  რაც არ უნდა ჩაიდინოს, როგორ უსიამოვნებაშიც არ უნდა გაეხვეს, ეკლესია,  ანუ ქრისტე, ეკლესიისა და მისი მოძღვრების სახით, მას აუცილებლად მიიღებს, იზრუნებს, ყურადღებას მიაქცევს და დაეხმარება. ადამიანი სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს.

იცით, რამდენი ბავშვი აწყდება ყოვლდღიურად პრობლემებს? ძალიან ბევრი და ისინი ვერ ბედავენ, რომ მშობლებს გულახდილად დაელაპარაკონ. რატომ? იმიტომ, რომ მშობელი ძალიან მკაცრია და ბავშვსაც ეშინია, თუ რამეს ვეტყვი, გამლახავსო. ამიტომაც მალავენ და არაფერს ამბობენ. ზოგი მშობელი ზედმეტად მგრძნობიარეა და ბავშვი ფიქრობს,  რამე რომ ვთქვა, ვერ გადაიტანენ მოკვდებიანო.   ამ ყველაფერის გამო ბავშვი ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე.

მათ უნდა ვაგრძნობინოთ , რაც არ უნდა გვითხრან, ხელს არ ვკრავთ და უხეშად არ მოვექცევით. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი მამა, დედა,  სულიერი მამა ან სულიერი ძმები მზად არიან, მოუსმინონ და სწორად შეაფასონ მისი ნათქვამი, არც გულგრილად და არც ზედმეტად მკაცრად, არამედ ადექკვატურად.

ეს ეხება მეუღლეებსაც. ოჯახში,რაც არ უნდა მოხდეს.  მეუღლეები მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსასმენად. მსმენია, როგორ ეუბნებიან ერთმანეთს, თუ მიღალატე, მოგკლავ, არ გაპატიებო. ბუნებრივია, იმას კი არ ვამბობ, რომ ისინი ერთმანეთს უნდა ღალატობდნენ და ატყუებდნენ, ღმერთმა დამიფაროს! ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესია და დიდი დარტყმაა, მაგრამ თუ ასე მიუდექი ამ ყველაფერს, მაშინ, ღმერთმა დაგიფაროთ,  რაღაც განსაცდელი შეემთხვეს რომელიმეს და შეცდეს, როგორ გამონახავს იმის გამბედაობას, რომ გაიხსნას და სიმართლე თქვას? როგორ გეტყვის: ,,განსაცდელში ვარ. რომელიღაც მესამე ადამიანი გამოჩნდა და მერყეობას ვიწყებ, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, გულისთქმები მღალატობენ და ძალები არ მაქვს!’’.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული და მიუღებელია. უნდა ვიცოდეთ,  სამწუხაროდ, გვინდა თუ არა,  ზოგი საცდურის წინაშე უძლურები ვართ. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე არანაირი საცდური არ მაქვს და არაფერში შევმცდარვარ.

არასდროს თქვა მსგავსი რამ. 200 წლისაც რომ იყო და ანტონი დიდი იყო, მაინც არ უნდა თქვა, საფრთხე არ მემუქრებაო. მხოლოდ ის უგუნური იტყვის ამას, ვინც არ იცის ,თუ რა არის სულიერი ბრძოლა. ადამიანი ყოველთვის საფრთხეშია, ვინც არ უნდა იყოს, როგორი სულიერი სიმაღლეც არ უნდა ჰქონდეს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს,  რადგან ასეთია ადამიანური ბუნება, სამწუხაროდ.

ასე რომ, ქმარიც და ცოლიც სხვადასხვა საცდურებისა და პროვოკაციების გავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ და ისინი ერთმანეთში დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ შეეძლოთ ერთმანეთთან  გახსნა, რათა ისე ისაუბრონ თავიანთი გრძნობებისა და ბრძოლების თაობაზე, არ ეშინოდეთ სასტიკი საწინააღმდეგო რეაქციის.

ამაზე ხშირად მისაუბრია,  ძალიან მნიშვნელოვანია, გავუგოთ ადამიანს, რომელიც თავის პრობლემაზე გვესაუბრება. არც გულგრილად მოვეკიდოთ და არც ზედმეტად გავაბუქოთ. უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, რომ ჩვენ გვესმის მისი და რეალურად დახმარება შეგვიძლია. გულგრილი და ცივი სიტყვებით კი არ გავისტუმრებთ და ვეტყვით: ,, არ იფიქრო მაგაზე’’.

ჩვენი ლოგიკით, სხვისი პრობლემა შეიძლება სასაცილო და აბსურდული ჩანდეს, მაგრამ მისთვის ეს ძალიან სერიოზული ტკივილია და ვინც მას უსმენს, მეუღლე იქნება ეს, მამა, დედა, მასწავლებელი, თუ სულიერი მამა – სხვისი ტკივილი თავიანთი საზომით არ უნდა გაზომონ. მაგალითად, ჩემთან, 18 წლიდან მონაზონთან რომ მოსულიყო ვინმე, თავისი ოჯახური პრობლემები გაეზიარებინა და მე მეთქვა:

– რას მოხვედი ჩემთან? მე მონაზოზონი ვარ და სულ არ მაინტერესებს ეგ თემები!

ან გულგრლად მეთქვა:

– კარგი, კარგი, უბრალოდ არ იფიქრო მაგაზე!

ერთხელ ნეა სკიტისკენ მიმავალ ნავზე ვისხედით, იქ ერთი ბერძნული წარმოშობის ინგლისელი იჯდა. ერთ ადამიანთან საუბრობდა და როგორც კი ის თავის პრობლემაზე საუბარს დაიწყებდა, ესეც პასუხობდა:

– Forget! Forget! Forget! [«დაივიწყე!».]

 მახსოვს გამეფიქრა, ეჰ, ნეტავ ასე გვარდებოდეს პრობლემები-მეთქი.

ერთხელაც ჩვენს საძმოში რაღაც სირთულეს შევეჩეხეთ და არქიმანდრიტ ემილიანე სიმონაპეტრელთან მივედით.  ჩვენი მოძღვარი, მამა იოსები(ვატოპედელი),მას ძალიან დიდ პატივს სცემდა და თვლიდა, რომ ის  ბრძენი და სულიერი ადამიანი იყო. როდესაც მივედით, მამა იოსებმაც ჩვენი პრობლემის არსი გააცნო. მეც იქ ვიყავი. მამა ემილიანემ მოგვისმინა და გვითხრა:

– თქვენ მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ!

იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: არაფერია, ნუ გეშინიათ ყველაფერი გაივლისო. მეც მივხვდი, რომ ამით ჩვენ მიმართ სრულ თანაგრძნობას გამოხატავდა. შეიძლება უმნიშვნელო საქმედ ჩაეთვალა ვინმეს, მაგრამ ჩვენ ვღელავდით, მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, როდესაც ის სხვა ადამიანთან მივა, ვიმეორებ, მშობელი იქნება ეს, მეუღლე, მამა, დედა, მოძღვარი, ან ვინმე სხვა – არ დასცინებენ, ხელს არ კრავენ, არ ატკენენ, და არ გალანძღავენ.

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი თავისი “სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელოში” ამბობს: “ძალიან ყურადღებით იყავი, მოძღვარო, როდესაც შენთან ადამიანები მოდიან და თავიანთ ცოდვებზე გესაუბრებიან!’’ შეიძლება მოვიდეს ადამიანი და უმძიმესი ცოდვის შესახებ გითხრას. თავიდან შეიძლება შეძრწუნდე, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევი.  ის კიდევ ამბობს: ,,სულ მცირე მოძრაობაც კი არ გააკეთო, არ აგრძნობინო არავითარ შემთხვევაში, რომ გაგიკვირდა და ძალიან შეწუხდი”. წარმოიდგინეთ, მოძღვართან რომ მიხვიდე და უთხრა: “ასე და ასე შევცოდე” და რომ შემოგყვიროს: “რა ქენი???!” როგორღა გაეხსნებით მას?

უნდა აგრძნობინო, რომ მზად ხარ ბოლომდე მშვიდად მოუსმინო. არც გააბუქო და არც გულგრილად მოეკიდო. კიდევ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ნაბიჯი გადადგა და მზად იყო, მიხვიდე სხვა ადამიანის დასახმარებლად. რომ არ ფიქრობდეს, ვუთხრა, თუ არა, მაინც  არ დამიდგება გვერდით, არ დამეხმარება, შეიძლება არ გაბრაზდეს, რომ ვუთხრა, მაგრამ არაფერს არ მოიმოქმედებსო.

ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მამაკაცებისთვის, რომლებიც თავიანთ მეუღლეებს საყრდენად უნდა ექცნენ. კი არ თქვას ყალბად და სულელურად: “ნუ გეშინია, აქ ვარ, შეგიძლია დამეყდრნო” და ა.შ. საჭიროა ამ სიტყვების საქმით დამტკიცება.

როგორც ხედავთ, ამ იგავშიც ჩანს ის, რომ მამამ თავის შვილს სწორედ ეს გრძნობა დაუტოვა. რადგან შვილმა იცის, რომ მამა მუდამ ელოდება და მასთან მშვიდად საუბარს შეძლებს. ცხვირწინ კარებს არ მიუჯახუნებს და არც გააგდებს. მიუხედავად ამისა,  ის ძალიან ღრმად უნდა განიცდიდეს, რომ შეცდომა დაუშვა, ძალიან წუხდეს იმაზე, რაც მოხდა და უთხრას: “მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა”.

სწორედ იმიტომ  ჰქონდა ამ უძღებ შვილს მამასთან დაბრუნების კადნიერება, რომ მამას ძალიან კარგად იცნობდა. შვილები უნდა იცნობდნენ თავიანთ მშობლებს. უნდა იცნობდნენ და ეყრდნობოდნენ მათ.

ის დაბრუნდა თავის მამასთან. როდის დაბრუნდა? მაშინ, როდესაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზოგჯერ ყველანი ვაწყდებით ამას ჩვენს ცხოვრებაში: სამწუხაროდ, თუ კისერი არ წავიმტვრიეთ, ისე ვერ ვფხიზლდებით ხოლმე. ამიტომაც ამბობენ  ზოგჯერ: “დაანებე თავი, დაუშვას თავისი შეცდომები”. კარგი, მაგრამ ეს ხომ საშიშია, ხომ შეიძლება ისე წაიმტვრიოს კისერი, რომ თავის გარეშე დარჩეს! მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, რა უნდა ვქნათ, თუ სხვაგვარად ვერ ფხიზლდება?

ამიტომაც, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ცოტა რისკიანები უნდა ვიყოთ, რომ ზედმეტმა შიშმა და განგაშმა არ მოგვიცვას  შვილების მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი ცუდად იქცევიან. როგორც მშობლები, რა თქმა უნდა, თქვენს სიტყვას იტყვით, ურჩევთ, დაეხმარებით ყველანაირად, მაგრამ ზოგჯერ ოდნავ განზე გადგომა არ არის ცუდი. ზოგჯერ ადამიანი ვერ ფხიზლდება, თუ შეცდომას არ დაუშვებს.

როდესაც უძღებ შვილს მოშივდა და დამდაბლდა, მაშინ გაახსენდა მამა. მიუხედავად ამისა, ღმერთმა მას ზურგი მაინც არ აქცია.

ბევრი მოდის და ამბობს:

– არ მინდა მაშინ მოვიდე ღმერთთან, როდესაც მიჭირს.

– აი ეს ხალხი რატომ დადის ტაძარში? იმიტომ რომ უკვე დაბერდა და სამოთხეში მოხვედრა უნდა.

– ჩვენი ბებიები და ბაბუები სამოთხეში მისაღებ გამოცდებს აბარებენ?.

არის ასეთი გავრცელებული აზრიც: რახან ეკლესიაში დადის, ესე იგი, რაღაც ცუდი შეემთხვა.

არა, ეს ასე არ არის. მაგრამ ასეც რომ იყოს და მართლაც იმისთვის მოვსულიყავით, რომ რაღაც შეგვემთხვა, ჩვენი ზეციური მამისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ  როგორც იქნა სახლში დავბრუნდი. მე ხომ მამის მკლავებში აღმოვჩნდი! მერე რა, რომ რთული გზა გავიარე, ვიწვალე, ან გზა ამებნა.

ღმერთი არავის ხელს არ ჰკრავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი უძღები შვილი წავიდა, გაფლანგა და იტანჯა, მან ის მაინც მიიღო. რა კარგადაა სახარებაში ნათქვამი: “აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი”.

მაშინ ხომ ტელეფონი არ იქნებოდა, რომ დაერეკა ან მესიჯი გაეგზავნა: მამა, სახლში ვბრუნდები, ამა და ამ დროს ვიქნებიო. მამამ არაფერი იცოდა. “ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას”.

წმ. იოანე ოქროპირი კითხულობს: “როგორ დაინახა მამამ, როდესაც ის ასე შორს იყო?” – თვითონვე პასუხობს: – მამა მუდამ იყურება და ყველაფერს ხედავს. როგორ შორსაც არ უნდა იყოს შვილი, მამა მუდამ გრძნობს მას და სწორედ  ამ სიყვარულის წყალობით იგრძნო და დაინახა ის. მამას ის კი არ უთქვამს: ერთი მობრძანდეს აქ და მიიღებს პასუხს. ყველაფერს პირში მივახლი და ვეტყვი: შე ყაჩაღო! ყველაფერი შეჭამე, გაანიავე და ახლა მოხვედი? აბა, ერთი შემოდი სახლში, რას გიზამ! მსგავსი არაფერი მომხდარა. მან თავისი შვილი მამობრივი სიყვარულის თვალით დაინახა და შეებრალა.

ის კი არ წერია, რომ “დაინდო”, არამედ “შეებრალა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრული სიყვარულით იყო აღძრული,  “მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას”.  მამა გაიქცა, ჩაეხუტა თავის შვილს, ეამბორა და ისეთი დახვედრა მოუწყო, რაზეც შემდგომში ვკითხულობთ.

ასეთია ზეციური მამა და ის არის ყველა ადამიანის მაგალითი. თუ გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს ოჯახში მეუღლესთან, შვილებთან, თანამშრომლებთან და ნებისმიერ ადამიანთან – მაშინ ჩვენს ზეციურ მამას უნდა დავემსგავსოთ.

სახარებაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოვიქცეთ სწორად და რა სჭირდება ადამიანს.  დრო რომ გვქონოდა, მეორე შვილის შესახებაც ვისაუბრებდით, რომელიც ისე გაბრაზდა, რომ მამის მოსმენაც კი არ უნდოდა. ამ ორი შვილიდან რომელი ჰგავს მამას? რა თქმა უნდა, უძღები შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელებებს ჩადიოდა.   “კარგ შვილს” საერთოდ არ აინტერესებდა მამა. რატომ?  ბრაზობდა: – აი, დაბრუნდა ეს შენი შვილი, მეძავებში რომ გაფლანგა მთელი ქონება, მას ასეთი დახვედრა მოუწყე, ამდენი რამ მოუმზადე, ხოლო ჩემთვის არაფერი მოგიცია.

ის კი არ თქვა: “როგორც იქნა, ჩემი ძმა დაბრუნდა, ძე ესე შენი” .

უფროსს,  “კარგ” შვილს, რომელიც არასდროს ტოვებდა სახლს და მუდამ მუშაობდა, საერთოდ არ აინტერესებდა მამა. მეორე კი, მიუხედავად იმ საშინელი მდგომარეობისა, მამაზე ფიქრობდა: მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.

ეს ყველას იმედით აღგვავსებს.  როგორი მკვდრებიც არ უნდა ვიყოთ, სიცოცხლის იმედი მაინც გვაქვს. ქრისტე ხომ სიცოცხლის მომნიჭებელია. ისაა თავად სიცოცხლე და თუ მასთან ვიქნებით ,არ დავიღუპებით. ის ხომ სწორედ იმისთვის მოვიდა,  დაკარგული ცხვრები მოეძებნა. ეს ცხვრები ჩვენ ვართ, რომლებიც ცხოვრების საზრისს რაღაც წარმავალ საგნებში ვეძებთ.

წყარო: https://pravoslavie.ru

ილუსტრაციის ავტორი დავით პოპიაშვილი.