Elder Ephraim Headline 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ღირს ეფრემ კატუნაკელის სტუმრობა

ბერ იოსების სულიერ სიყვარულს და ერთობას წმინდა ეფრემ კატუნაკელთან ხელს უწყობდა ის, რომ კატუნაკები ნეა სკიტის მახლობლად მდებარეობდა და მათ ერთმანეთთან სტუმრობის საშუალება ხშირად ჰქონდათ. მოძღვარი წმ. ეფრემთან ხშირად გვაგზავნიდა ხოლმე, რათა ყოველდღიურ საქმეებში დავხმარებოდით, რადგან იმხანად მას უკვე პატარა საძმო ჰყავდა.

1984 წლის 25 ნოემბერს/8 დეკემბერს წმინდა ეფრემმა ნეა სკიტში მოგვინახულა და თავისი ასკეტური გამოცდილების უტკბილესი სიტყვებით გაგვახარა. ჩვენმა მოძღვარმა, როგორც ყოველთვის, სიმდაბლით მას მიანიჭა უპირატესობა, სიტყვა დაუთმო და მანაც ბევრი სულის სასარგებლო რამ გვითხრა. რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:

„არა მარტო იმიტომ, რომ თქვენმა მოძღვარმა მთხოვა, არამედ საკუთარი სურვილითაც მინდა გაგიზიაროთ ის, რაც ცხოვრებაში გამოვცადე და რაშიც დავრწმუნდი. კაცმა რომ სოფელი (ერული ცხოვრება) დატოვოს, არაა ძნელი. რთული ის არის, მოძღვარი იპოვო. რატომაა, რომ ათონზეც ზოგიერთი კარგად და სულიერად ლაპარაკობს, ზოგი კი – ცუდად? რატომ? ყველამ მოშურნეობით არ დავიწყეთ მონაზვნური ცხოვრება? ყველანი მოღვაწეობასა და უდაბნოზე არ ვოცნებობდით? [იმიტომ, რომ ზოგმა კარგი მოძღვარი ვერ იპოვა.] ეს მოშურნეობა არათუ არ უნდა შევამციროთ, არამედ უნდა გავზარდოთ კიდეც…

შემდეგი საკითხია მორჩილება. ადამიანი სამი მიზეზით აღასრულებს მორჩილება. პირველია დასაწყისი ეტაპი, შესავალი: [მოძღვარს] ვუგონებ და ვემორჩილები იმიტომ, ჯოჯოხეთის მეშინია. მეორე მიზეზი – გასამრჯელოს მოლოდინია. მესამე კი ისაა, რომ მოძღვარი მიყვარს. ნეტარია ის, ვინც მესამე მიზეზით იჩენს მორჩილებას…

ნუ აიძულებთ მოძღვარს, იმის გაკეთების უფლება მოგცეთ, რაც თვითონ არ მოსწონს. შენ იმას დაუკვირდი, რას იწონებს შენი მოძღვრის სული, რა უნდა მას. როგორც შაქრიან ჩაიში წყალი და შაქარი ერთია, ასევეა მოძღვარი და ქრისტე. მოძღვარი თუ შენით კმაყოფილია, მაშინ ქრისტეც კმაყოფილია. მოძღვარი დედამიწაზე მყოფი ქრისტეა. ვინც მოძღვარს არ უგონებს და ურჩობს, ჩემს თვალში მეორე იუდაა. „მოძღვარო, რა გნებავს? ეს? იყოს კურთხეული. როგორ გირჩევნია რომ გავაკეთოთ? ასე? როგორც გირჩევნია”. აქ არც სახლების ასაშენებლად მოვსულვარ, არც სხვა რამის გასაკეთებლად; მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებისთვის – იმისთვის, რომ გავაკეთოთ ის, რაც მოძღვარს უნდა. მოძღვრისადმი მორჩილებით ძმებისადმი მორჩილებასაც სწავლობ, ხოლო როდესაც ასე იქცევი, მშვიდობითა და ლოცვით ივსები. თუ კარგად გამოიძიებ, მიხვდები, რომ ყველაფერს მორჩილებისკენ მივყავართ. მორჩილების გარეშე არაფერი არ არსებობს…

ერთ-ერთ კელიაში დამპატიჟეს. ძალიან კარგად მიმასპინძლეს. წამოსვლის წინ იქაურმა მოძღვარმა მთხოვა, მისი სულიერი შვილებისთვის რამდენიმე სიტყვა მეთქვა. მეც ვუთხარი: „მადლობა, მამებო, მასპინძლობისთვის, მაგრამ თქვენგან კმაყოფილი არ მივდივარ. რატომ? იმიტომ, რომ მოძღვრის წინაშე სხვა ადამიანს რჩევას აძლევთ. მოძღვარს ისე ელაპარაკებით, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. სადაა მოძღვრის პატივისცემა?! მოძღვრის პატივისცემა, ღმრთის პატივისცემაა. თუ მოძღვარს პატივს არ სცემ, არც ღმერთს სცემ პატივს…“

ღმერთის ნებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ღმერთის ნება უნდა გამოვიძიოთ, [საღმრთო] უწყება, გულსავსება უნდა გვქონდეს. ერთხელ ჩემთან წმინდა ათანასეს ლავრიდან მოვიდნენ (აღსარებასავით გეტყვით). სამი საათი ვილაპარაკეთ, 12:00-დან 15:00-მდე. წინამძღვრობა შემომთავაზეს. შფოთით აღვივსე, დავმძიმდი. „ღმერთო ჩემო, რა არის შენი ნება?” სანამ პასუხის გასაგებად მოვიდოდნენ, უკვე ვღელავდი. ღმერთს ვთხოვდი თავისი ნება ეუწყებინა. წირვაზე რომ დავდექი, ლავრაზე ვფიქრობდი. შინაგანი სიმძიმისგან დიდ შესვლაზე წავბორძიკდი და კინაღამ სიწმინდე დავღვარე. მაშინ მივხვდი: არ უნდა ღმერთს მეთქი – ვიფიქრე. ეს იყო და ეს. სიმძიმე მომშორდა. ასე მივხვდი, რა უნდოდა ღმერთს. ლავრას უარი შევუთვალე ამასობაში ბერი პაისის პასუხიც მოვიდა: არ დათანხმდეო. ამიტომაა საჭირო სხვებსაც ვკითხოთ და ჩვენ ვიმოქმედოთ”.

იმავე დღეს ჩვენმა მოძღვარმა სულიერი სიხარულით განმარტა წმინდა მამის სიტყვები. სხვათა შორის, ესეც გვითხრა: „დღეს წმინდა ეკატერინეს დღესასწაული იყო, რომელმაც გული გაგვიხარა. ღმერთის წყალობაა ისიც, რომ ჩვენი აქ მოსვლის შემდეგ ბერმა ეფრემმა პირველად მოგვინახულა. ის ჩვენი დიდი მოძღვრის პირველი მოწაფე და ნამდვილი მემკვიდრეა. შეიძლება ითქვას, რომ მან შეძლებისდაგვარად გაიმეორა დიდი ბერის ცხოვრება.

ძალიან გამახარა მისმა სიტყვებმა. მან გითხრათ ის, რაც სადმე კი არ წაუკითხავს ან სხვისგან კი არ გაუგია, არამედ თავად გამოცადა. მონაზვნობის დიდი მასწავლებლების მოძღვრება გამოხატა… ყველა ჩვენი მოქმედება უფლისადმი სიყვარულით უნდა იყოს სავსე, ქრისტეს სისხლიან კვალს უნდა მისდევდეს. უფალი სიკვდილამდე მორჩილი იყო. ეს საღმრთო გამოცხადებაა, უცვალებელი ჭეშმარიტებაა. ამის გარდა, სხვა გზა არ არსებობს; არც რამე წინსვლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. პირველმა მამებმა უკიდურესად აიძულეს საკუთარი თავი, თავგანწირულად იცხოვრეს. მომდევნოებმა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადაიტანეს, რადგან ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები შესუსტდა. მცენარეული ფესვების მაგივრად თუ პურსა და ზეთს შევჭამთ, ცხვრის ტყავის მაგივრად ანაფორას თუ ჩავიცვამთ, ფოთლების მაგივრად ზეწარს თუ გადავიფარებთ – ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც არაფერს ცვლის. მაგრამ რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, მორჩილებას, სიმდაბლეს, ნების მოკვეთას – აქ არანაირი „რატომ“ არ უნდა არსებობდეს. „რატომ”, – ეს ეშმაკის გასაღებია.

რა სულიერი ბრძოლა შეიძლება ჰქონდეს მორჩილს? სად გაგონილა ასეთი რამ? ვინც თავი მოიჭრა იმისთვის, რომ ახალი, ქრისტესმიერი თავი შეიმოსოს, იმას ვისი ან რისი უნდა ეშინოდეს? „ვითარცა პირუტყვ შევირაცხე შენ წინაშე” და იმწუთასვე დაამატებს ეჭვისა და ჭოჭმანის გარეშე: „და მარადის შენ თანა ვარ“. მორჩილი და ბრძოლა?! არ გეგონოთ თავს ვიქებდე. სხვების მაგალითიც მინახავს და თვითონაც გამომიცდია (თუმცა არაფერს წარმოვადგენ). სიძვის ბრძოლა? მკრეხელური გულისსიტყვა? თუ მორჩილს ასეთი რამ აწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს იტყუებს, თითქოს დამჯერი და მორჩილია. სინამდვილეში მორჩილი არ არის, არამედ, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ასეთ ადა მიანზე ბასილი დიდი ამბობს: „სინკლიტიკოსობა დაკარგე, მონაზონი კი ვერ გამოხვედი“[1].

ასე რომ, ყურადღებით იყავით და შემართებას ნუ დაკარგავთ. რაც მოისმინეთ, იმის აღსრულებით შინაგანი კაცი განაახლეთ და ნუღარ იტყვით, რომ ამას ასეთი ხასიათი აქვს, ხოლო ის – ბუნებით ცოტა ნერვიულია და ა.შ. ასეთი რამ ერში შეიძლება ილაპარაკონ, მონაზვნობაში კი ამას არანაირი გამართლება და აზრი არ აქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მოღვაწეობის ფილთაქვაში გავისრისოთ. ის პერანგი, რომელიც ეშმაკმა ჩაგვაცვა, უნდა გავიხადოთ და ახალი, ქრისტესგან ბოძებული პერანგი უნდა ჩავიცვათ. არ გსმენიათ, პატერიკში რა წერია? „მრისხანემ მკვდარიც რომ აღადგინოს, ღმერთისთვის სათნო არ არის“. არ დავინახო, რომ კამათისთვის და კინკლაობისთვის იყოთ მომართული. აქ მოვედით მეუფის, ღმრთის მსახურებისთვის. განახლებული ძალებითა და მეტი შემართებით გავაგრძელოთ მოღვაწეობა. ჩვენ სულ იმის მოლოდინში ვართ, რომ უფალს როგორმე ჩვენი მისდამი სიყვარული ვუჩვენოთ, თუნდაც ერთ დღეს ათას ნაჭრად დაგვკუწონ. სულ ღმრთის მოწოდებაში ვართ. არც ჯოჯოხეთის გვეშინია, არც სასუფეველი გვინდა, არამედ გვწყურია თავად ის, უფალი, ჩვენი სიყვარულის ცენტრი. მასთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი მზად ვართ წავიდეთ“[2].

სიკვდილის ხსოვნა

ქსიროპოტამის წინამძღვარი ეფრემი ბერმა დაახლოებით 25 წლის წინ გაიცნო, მაშინ ის ჯერ კიდევ დამწყები მორჩილი იყო. ბერის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „ეს-ესაა მამა ეფრემთან (გულისხმობს თავის სულიერ ძმას, არიზონელს) აღვნიშნეთ დღესასწაული… აღკვეცა გვქონდა: აპოსტოლი დიდსქემოსანი გახდა და ეფრემი დაერქვა“[3].

ხსენებული წინამძღვარი ეფრემი 1984 წლის 21 ნოემბერს/4 დეკემბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა. ბერი იოსები გვასწავლიდა, რომ ყველა მოვლენა ჩვენთვის გაკვეთილი და სულიერი აზრების მიზეზი გამხდარიყო. ის წერდა: „ამ წერილის წერა რომ დავიწყე, ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: ჩვენი უსაყვარლესი ძმა, მ. ეფრემი, ქსიროპოტამის წინამძღვარი, უეცრად უბედურ შემთხვევას შეეწირა. ათონის გარეთ იყო და სადღაც მიემგზავრებოდა. ამ მტკივნეულმა შემთხვევამ ყველანი მწუხარებით აგვავსო“[4].

ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში საძმოს კრებაზე ბერმა ასე ილაპარაკა: „წმინდა ნეოფიტე მარტოდმცხოვრები ამბობს, რომ ყველა სიკეთეზე აღმატებული სათნოება ღმერთის შიში და სიკვდილის ხსოვნაა. თავად ამ ღირსი მამისთვის ეს სათნოებები ცხოვრების მიზანი იყო და მისი გონება მათ გარშემო ტრიალებდა. მართლაც, ჩვენი ძმის მიცვალებამ შეგვძრა და გული დაგვწყვიტა. სიკვდილის, რა თქმა უნდა, არ გვეშინია, მაგრამ გვეშინია, როდესაც ასე მოულოდნელად მოდის. რომელი ჩვენგანი იფიქრებდა, რომ ეს ახალგაზრდა, რომელიც ორმოცი წლისაც არ იყო, ასე უცაბედად წავიდოდა? თავად მას რაც შეეხება, ეჭვიც არ მეპარება, რომ თავის მიზანს მიაღწია. მე მას მრავალი წელია თვალს ვადევნებ და ვიცი, რომ ბავშვობიდან უბიწო ადამიანი იყო. თანაც, როცა გარდაიცვალა, ეკლესიის საქმეზე, ეკლესიის გასამტკიცებლად იყო წასული. როდესაც კედარი წაიქცევა, ფიჭვებს უნდა ეშინოდეთ“. კედარი მცენარეების მეფედ ითვლება, რადგან მკვრივი და გამძლე მერქანი აქვს, ხოლო ფიჭვი გაცილებით სუსტი ხეა. ფიჭვები ჩვენ ვართ. ვისაც ცხონება სურს, ის უნდა გაისარჯოს, რომ სიკვდილის ხსოვნა შეიძინოს, რაც, თავის მხრივ, ღმერთის შიშს ბადებს. და პირიქით, ღმერთის შიში სიკვდილის ხსოვნას უწყობს ხელს. ეს ორი აზრი მუდამ თან უნდა გვახლდეს, როგორც ორი მცველი, რომელიც რისხვის, გაბრაზების, გულის გაუხეშე ბისა და სხვა არასასიამოვნო მდგომარეობის დროს გვაიძულებს ჩვენს თავს ვკითხოთ: „ახლა რომ მოვიდეს სიკვდილი რა პასუხს გასცემ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე?“

წმინდა ნეოფიტე წერს, რომ მის მონასტერში ერთ-ერთი ძმა ჭიშკრიდან ტაძრისკენ მიდიოდა, დაეცა და მოკვდა. რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შემდეგ, ღირსმა მამამ სიკვდილის ხსოვნა შეიძინა. ეს არაა თეორიული და აბსტრაქტული რამ, არამედ პრაქტიკული და რეალური განცდა. ანუ ჩვენ კი არ ვიგონებთ რამეს, არამედ რეალობაა ასეთი. მაგალითად, ნიფონი, ხეზე კვეთის საქმის ოსტატი, თავისი სახლიდან გადმოვარდა და მოკვდა. წმინდა ანას სკიტის სანაპიროზე კი გახსოვთ, რა მოხდა? მორჩილები საქმეზე იყვნენ წასულები. მოძღვარი გამოვიდა გარეთ, სადღაც ფეხი აუცდა და ხევში გადაიჩეხა, მკვდარი იპოვეს, სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო. და აი, ახლა ჩვენს ძმას, ეფრემსაც იგივე დაემართა. თანაც, ის ჩვენი საძმოს წევრი იყო. ამბობენ, მანქანიდან გადმო ვარდა და იმწუთას სული დალიაო, ერთი „უფალო, შეგვიწყალენიც“ ვერ მოასწროო.

წმინდა იოანე მოწყალემ მოწყალების სათნოება ქალწულის სახით იხილა, რომელიც შეჰპირდა, რომ მას მეფესთან მიიყვანდა, თუკი წმინდანი ყოველთვის მოწყალე იქნებოდა. ეს კონკრეტული შემთხვევა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ამ წმინდანის მდიდარ სულიერ ნიჭზე მიუთეთებს. ჩვენ კი, რადგან არ შეგვიძლია ასეთი სათნოება გვქონდეს, მის ნაცვლად სიკვდილის ხსოვნა მაინც შევიძინოთ, რაც დაგვეხმარება თავი შევიკავოთ, როდესაც ცოდვის მიზეზები და საბაბები, ჩვევები და ცუდი შინაგანი განწყობა და თუნდაც თავად ეშმაკი, გვაიძულებენ ცოდვა ჩავიდინოთ. ყველანი შევეცადოთ, ეს კეთილი შემწე და მფარველი მოვიპოვოთ. ამინ“[5].


[1] ათანასე დიდის წერილი კასტორს. ვინმე მაღალჩინოსანი კაცი მონაზონი გამხდარა, მონაზვნობაში უდებება გა მოუჩენია. ამიტომ ბასილი დიდი აყვედრის, რომ ერთიც (სინკლიტიკო სობა) დაკარგა და მეორეც (მონაზვნობა) ვერ შეიძინა.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი

[3] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1964 წლის 26 მარტი/8 აპრილი.

[4] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 23 ნოემბერი/6 დეკემბერი.

[5] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წლის 24 ნოემბერი/7 დეკემბერი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share