კელიებში მცხოვრებ ბერებზე ზრუნვა – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

ვატოპედის მონასტერს ექვემდებარება ორი სკიტი. წმინდა დიმიტრისა და წმინდა ანდრეასი და კიდევ მრავალი კელია. რადგან ჩვენმა ბერმა კელიებში მრავალი წელი იცხოვრა, არა მარტო მათი ცხოვრების წესი, არამედ საჭიროებებიც იცოდა. წესად დაადგინა, რომ კელიოტი მონაზვნები კვირაში ერთხელ მონასტერში მოსულიყვნენ და აუცილებელი საჭმელ-სანოვაგე უფასოდ წაეღოთ. ცდილობდა დახმარებოდა სულიერადაც და მატერიალურადაც. განსაკუთრებით პატივს სცემდა საძმოების მოძღვრებს. როდესაც შეხვდებოდა ხოლმე, გულითად ღიმილსა და თბილ სიტყვას მიაგებებდა. ჩვენმა კელიოტებმა ეს დააფასეს და თავადაც იმავე კეთილგანწყობით ეპყრობოდნენ.

რუმინელი მღვდელმონაზონი დიონისე საღმრთო ნიჭებით შემოსილი მოძღვარი იყო. დაიბადა 1909 წელს, მონაზვნად 1927 წელს აღიკვეცა და 77 წელი იღვაწა კოლიცუს[1] წმინდა გიორგის კელიაში. გარდაიცვალა 2004 წლის 28 აპრილს/11 მაისს. ნამდვილი სულიერი მებრძოლი და ცათა სასუფევლისთვის თავის მაიძულებელი გახლდათ. უზომო მოთმინება გასწია სიღარიბის, უსახსრობისა და სხვა სირთულეების პირობებში. მას ღრმად გამჯდარი თავმდაბლური აზროვნება ჰქონდა, რაზედაც თავის შინაგან ქრისტესმიერ ცხოვრებას აფუძნებდა. თავის მოწაფეებსაც იმავეს ასწავლიდა. ხშირად იმეორებდა: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში დაუბანლობის ღვაწლი ეტვირთა, ყველა, ვინც კი მას უახლოვდებოდა და ესაუბრებოდა, სასიამოვნო კეთილსურნელებას გრძნობდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში თვალში სინათლე დააკლდა და სიბრმავის ჯვარიც დაემატა. ჩვენი მოძღვარი პირველი შეხვედრისთანავე მიხვდა ბერი დიონისეს სულიერ მდგომარეობას და ამიტომ მას განსაკუთრებულად აფასებდა. ამ უკანასკნელსაც ჩვენი ბერის მიმართ დიდი სიყვარული ჰქონდა. ვატოპედის კინობიად გადაკეთებამ ძალიან გაახარა. ჩემთვის უთქვამს, რომ მრავალი წელი დიდი გულისტკივილით ლოცულობდა ამაზე. თავად მისი საძმო კინობიალური პრინციპებით ცხოვრობდა და ამიტომ გამოცდილებიდან იცოდა, თუ რა სარგებელი აქვს ზოგადცხოვრებულთა მონასტერს ადამიანთათვის და რა ფასი აქვს მას ღმერთის თვალში. ის ამბობდა: „მონასტრები ქტიტორებმა კინობიებად ააშენეს და თავიანთ მოწაფეებსაც კინობიებად გადასცეს. ამიტომ ათონის ყველა მონასტერი კინობიალური უნდა იყოს“.

როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენი მოძღვარი წმინდა ეფრემ კატუნაკელთან ამბობდა აღსარებას. ვატოპედში გადმოსვლის შემდეგ ეს რთული გახდა. ამიტომაც განსაკუთრებულად გაუხარდა, როდესაც ბერ დიონისეში გამოცდილი ასკეტი და გარჩევის უნარის მქონე ჭეშმარიტი მოძღვარი დაინახა. მასთან ხშირად ამბობდა აღსარებას. ორივე ბერი ერთმანეთზე დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით საუბრობდა, რითაც ისინი უნებურად საკუთარ მაღალ სულიერებას ააშკარავებდნენ.

პანტანასას ხატი ვატოპედში

მოძღვარმა პანტანასას სასაწაულმოქმედი ხატი ვატოპედის საკრებულო და მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ (მარცხენა) სვეტზე დააბრძანა. ამ ადგილას 1730 წლამდე „ოდიგიტრიას“ სასწაულმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული, რომელიც ხსენებულ წელს ზებუნებრივად ქსენოფონტის მონასტერში გაჩნდა.

პანტანასამ სასწაულების აღსრულება დაიწყო. მისი ქაღალდის რეპროდუქციებიც კი კურნავენ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, დახატული ასლები კი ყოველ მართლმადიდებელ ქვეყანაშია. სადაც ხატი იმყოფება, იქ ნამდვილი სულიერი ოაზისია, ხალხის ნუგეშისა და კურნების ცენტრი. პირველსახე და ასლები ერთნაირად სასწაულმოქმედებენ.

სახელი „პანტანასა“ („ყოველთა დედოფალი“) ხატს ბერმა იოსებმა დაარქვა. ერთ-ერთი სასწაულის დროს ღმრთისმშობელმა აჩვენა, რომ მიიღო ეს სახელი. ამან ჩვენი მოძღვარი დიდად გაახარა. ამ სასწაულის შესახებ როდოსზე მოღვაწე არქიმანდრიტი მელიტონი გვიამბობს: „ერთხელ ჩვენს კუნძულზე ერთ-ერთ სოფელში წირვაზე მივდიოდი. უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი და ეპარქიის მქადაგებლად ვმსახურობდი. საჭესთან მამაჩემი იჯდა. სამწუხაროდ, მძიმე ავარია მოგვივიდა: სატვირთო მანქანას პირისპირ შევეჯახეთ. მამაჩემს ავარიის დროს ენა მოეკვეთა, ოპერაცია და სხვა მრავალი წვალება დასჭირდა. ყველაფერმა რომ ჩაიარა, თესალონიკში გავემგზავრე.

რამდენიმე თვე გავიდა. ქალაქში ყოფნისას დედაჩემი მირეკავს და მეკითხება: „ათონზე წასვლას არ აპირებ?” არ ვაპირებ-მეთქი, მივუგე. „მითხარი, არსებობს მონასტერი, რომელსაც ვატოპედი ჰქვია?“ ისიც უნდა ვახსენო, რომ ვატოპედში მანამდე ნამყოფი არ ვიყავი, ხოლო დედაჩემს კი ათონის მთასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. „არ ვიცი. რა ხდება? რა გინდა?“ – შევეკითხე. „წადი და გაიგე. ღმრთისმშობლის ხატი უნდა იყოს იქ, რომელსაც პანტანასა უნდა ერქვას“. როდესაც შევეკითხე, ეს ინფორმაცია საიდან ჰქონდა, შემდეგ ამბავს მომიყვა. იმ სახლის გვერდით, სადაც დედაჩემი დაიბადა, ოჯახს მეორე სახლიც ჰქონდა, რომელშიც წმინდა პარასკევას მეჩვიდმეტე საუკუნის ფრესკაა. ამ მეორე სახლში ყოფნისას დედაჩემს ჩაეძინა და ასეთი სიზმარი ნახა: ღმრთისმშობლის პარაკლისზე ბევრი ხალხი შეკრებილიყო. უცბად ხატზე დედოფალი გაცოცხლდა (უფალი ხელით მოჰყავდა), დედაჩემს მიუახლოვდა და უთხრა: „გამომყევი, მეორე ოთახში გავიდეთ, რაღაცას გეტყვი“. როდესაც გავიდნენ, ღმრთისმშობელი დედაჩემს ეკითხება: „განუწყვეტლივ რატომ მეძახი და მოსვენებას რატომ არ მაძლევ?“ დედაჩემი შეეკითხა: „კი მაგრამ, შენ ვინ ხარ, რომ გეძახდე?“ „ვერ მიცანი? მე გადავარჩინე შენი მღვდელი შვილი და შენი ქმარი“. ეს უთხრა და დედაჩემს ხელი გაუწოდა, ხოლო ეს უკანასკნელი ხელზე ემთხვია და ტირილი დაიწყო. ღმრთისმშობელმა განაგრძო: „უთხარი (ჩემზე ამბობდა), რომ ჩემს ბაღში მოვიდეს და მიპოვოს. პანტანასა მქვია“. დედაჩემს გამოეღვიძა. სიტყვა „პანტანასა“ მანამდე გაგონილიც კი არ ჰქონდა. არც, რა თქმა უნდა, ახლანდელი პანტანასას მონასტერი არსებობდა მაშინ როდოსზე, რომ რამენაირად ერთმანეთთან დაეკავშირებინა. წიგნებში ძებნა დაიწყო, პანტანასას ასლი იპოვა და იცნო”[2]

მამა ათანასე ათონის წმინდა მთის პროტოეპისტატი და მახერას მონასტრის წინამძღვარი

პროტოეპისტატის თანამდებობა უკვე წმინდა ათანასე ათონელის პერიოდში იხსენიება. პროტოეპისტატები მხოლოდ იერარქიულად პირველი ხუთი მონასტრის წარმომადგენლები მორიგეობით ხდებიან ერთი წლით[3]. ვატოპედი ამ ხუთ მონასტერს შორის მეორეა. ამიტომაც ავი ენები ამბობდნენ, რომ ბერ იოსებს ვატოპედში გადასვლა იმიტომ უნდოდა, რომ პროტოეპისტატი გამხდარიყო. ეს, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო, რამეთუ ჩვენს მოძღვარს არც პროტოეპისტატის და არც სხვა რამე თანამდებობა სდომებია ოდესმე. 1991-92 წლებში[4], როდესაც ვატოპედის რიგი მოვიდა, ბერმა იოსებმა ეს ადგილი მამა ათანასეს, როგორც ყველაზე შესაფერის კანდიდატს შესთავაზა. მამა ათანასემ თავგანწირვით, სიყვარულითა და გონიერებით იმსახურა ამ თანამდებობაზე, რითაც მთაწმინდელი მამები დიდად კმაყოფილები დარჩნენ.

1992 წლის სექტემბერში, ბერი იოსების რჩევითა და კვიპროსის მთავარეპისკოპოსის ქრიზოსტომე პირველის მოწვევით, მამა ათანასე კვიპროსზე გაემგზავრა, რათა პაფოსის რაიონის წმინდა ნიკოლოზის „მღვდელთა“ მონასტრის წინამძღვრობა ეკისრა. ჩვენი მოძღვარი მალე მასთან ჩავიდა, ახალ მსახურებაში რომ გაეძლიერებინა. ბერი მამა ათანასეში იმ ადამიანს ხედავდა, რომელიც კუნძულს, მათ საერთო სამშობლოს, სულიერად დაეხმარებოდა და იმ საქმეს განაგრძობდა, რაც ბერმა ათიოდე წლის წინ დაიწყო. მამა ათანასეს უჭირდა საყვარელი ათონის დატოვებს, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ბერი იოსები მართლი იყო და მისი კვიპროსზე ყოფნა აუცილებელი ყოფილა. ეს სწორი მისიონერული მოღვაწეობის ნიშანიც არის: წარმატებას ის კლ აღწევს, ვისაც მისიონერობა კი არ სურს, არამედ – სხვისი ბრძანებით მიდის. ასეთ შემთხვევაში მისიონერული  მოღვაწეობაც შედეგიანია და მისიონერიც ღმერთისგან მადლს იღებს.

ბერი, ამ ვიზიტის გარდა, წერილებითაც ამხნევებდა თავის საყვარელ მოწაფეს. ის წერდა: „დაგნიშნე, როგორც ჩემი წარმომადგენელი, რათა ჩვენს ერს მოემსახურო. ამით ვამაყობ და ამისი იმედი მაქვს. რატომაა, რომ სიხარულის მაგივრად სევდას მოუცავს შენი უბიწო სული? გაიხსენე, რა გზით და როგორ იარეს ჩვენმა მამებმა, ჩემო საყვარელი შვილო? გაიხსენე ჩვენი ეკლესიის ზღუდე, დიდი ეპიფანე[5]. როგორ აიძულებდა მას ღირსი პაპოსი ერის სულიერი მწყემსობა ეტვირთა”[6]. მოძღვარი დარწმუნებული იყო, რომ მამა ათანასე კვიპროსზე ღმერთის მიერ იყო გაგზავნილი. ამ საქმეზე ის წმინდანებმა: პაისიმ და ეფრემ კატუნაკელმაც აკურთხეს. ჩვენი ბერი მას ამასაც შეახსენებს. „ვერც ყველა ჩვენი მამის ერთსულოვანი აზრი გარწმუნებს? მათაც იგივე სიტყვები გითხრეს და ამ საქმეში დაჯერებულებმა ერთხმად გაკურთხეს, რომ ეს მსახურება ორჭოფობის გარეშე იტვირთო… გრიგორიუს წინამძღვარმა გიორგიმ თავისი მოწაფეები აფრიკასა და ალბანეთში გაგზავნა და ეს საქმე ათონური მონაზვნობის გმირობად იქნა მიჩნეული შენ კი, ჩემო შვილო, წუხხარ იმ პატივის გამო, რაც ღმერთის განგებამ გიბოძა?”. საბოლოოდ, წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ერთი წლის ყოფნის შემდეგ, 1993 წლის 14 ნოემბერს, მამა ათანასე მახერას ისტორიული მონასტრის წინამძღვრად აკურთხეს, ხოლო 1999 წლის 14 თებერვალს ლიმასოლის მიტროპოლიტად აღასაყდრეს, როგორც ბერმა იოსებმა უწინასწარმეტყველა.

როდესაც მამა ათანასე ჯერ კიდევ მახერის წინამძღვარი იყო. ბერი იოსები მასთან ჩავიდა. მამა ათანასეს საძმოსთვის სინას მთაზე წასასვლელი ბილეთები წინასწარ ჰქონდა ნაყიდი. იცოდა, რომ ბერს მოსალოცად სიარული და მოგზაურობა მაინცდამაინც არ უყვარდა და ამიტომ ის ფაქტის წინაშე დააყენა: ბილეთებს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და სხვა გზა არ არის, უნდა წამოხვიდეთ.

მეუფე გვიამბობს: „როგორც კი უდაბნოს გზაზე გავედით და სინას მიმართულებით დავიძარით, ბერმა რამდენჯერმე პირჯვარი გადაისახა და ჩუმად ტირილი დაიწყო. მივხვდი, რომ ტიროდა, მაგრამ თავს იკავებდა. მარტო იჯდა ისე ლოცულობდა და ტიროდა, როგორც ეს ზიარების წინ სჩვეოდა ხოლმე. თვალებზე ხელი აიფარა, რომ ცრემლები არ გამოეჩინა. მოგვიანებით რომ შევეკითხე, გამანდო: „რა გითხრა, შვილო, წმინდა ეკატერინემ ავტობუსში მოგვინახულა. რა მადლი აქვს. რა მადლი! რამხელა წმინდანია, რომ ასეთი მადლი აქვს!”

როდესაც მონასტერში მივედით, ჩვენი მამები სინას მთის მწვერვალზე, სადაც მოსემ ღმერთი იხილა, არ გაუშვა. „სად მიდიხართ? აქ არის მადლი,“ – ამბობდა. წმინდა ეკატერინეზე ლაპარაკობდა და ტიროდა. საოცარი ის იყო, რომ იმ დღეებში წმინდანის ნაწილებს ძლიერი კეთილსურნელება ასდიოდა. სინელმა მამა პავლემაც დაგვიდასტურა, რომ თუმცა კეთილსურნელებას წმიდანის ნაწილები ყოველთვის გამოსცემს, მაგრამ ასეთი სიმძაფრით პირველად ვიგრძენიო. მოძღვარს გარდამეტებულად უყვარდა წმინდა ეკატერინე“[7].

ღირსი იოსებ ისიქასტის სოფლის ეკლესია წმინდა ეკატერინეს სახელობის იყო დიდმა ბერმა ეს განაკუთრებული სიყვარული თავის მოწაფეებს, და მათ შორის, ჩვენს მოძღვარს გადასცა, ხოლო მისგან გადმოგვეცა ჩვენ. ბერმა ისიც დაგვიბარა, რომ როგორც ღირს იოსებს სჩვეოდა, წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს სპეციალური ტკბილეულობა მოგვემზადებინა ხოლმე.


[1] ადგილმდებარეობა ვატოპედის მონასტრის სიახლოვეს, სადაც მოსახელე სკიტი მდებარეობს.

[2] არქიმანდრიტ მელიტონის ნაამბობიდან, 2016 წლის 3/16 აგვისტო.

[3] დიდი ლავრა, ვატოპედი, ივერთა, ქილანდარი და დიონისიუ.

[4] 1/14 ივნისიდან 1/14 ივნისამდე.

[5] წმიდა ეპიფანე კვიპრელი (315 – 413) – ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მამა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი. ის კვიპროსის მთავარ მფარველად ითვლება. იმ მოციქულების შემდეგ (პავლე, ბარნაბა და სხვ.), რომლებმაც ამ კუნძულზე იქადაგეს.

[6] წერილი მღვდელმონაზონ ათანასეს, 1992 წლის 12/25 დეკემბერი.

[7] ლიმისილელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის

11/24 ივლისი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020