XN1J7495

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ქალაქ თებეს პლატეესის წმინდა სამების მონასტერი

თებეს რაიონის სოფელ პლატეესიდან ხუთ კილომეტრში, კითერონის ქედის ძირში მდებარეობს წმინდა სამების მონასტერი. ეს ისტორიული სავანე მეთოთხმეტე საუკუნეში აშენდა. ჰქონდა აყვავებისა და დაცემის პერიოდები, ხოლო 1981 წელს მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა.

1985 წელს ჩვენმა მოძღვარმა მონასტრის წინამძღვარი პავლინა გაიცნო. მას მერე იქაური მიტროპოლიტის, ამჟამად კი ათენისა და მთელი საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, იერონიმეს ლოცვა-კურთხევით მასთან სულიერი ურთიერთობა ჰქონდა. ბერი იღუმენიასა და მის მცირე სამონაზვნო კრებულს რჩევა-დარიგებითა და ლოცვით ეხმარებოდა. იმაზეც იზრუნა, რომ მონასტერში მღვდელი სისტემატურად მისულიყო და წირვა-ლოცვა აღესრულებინა. ამ მიზნით, 1989 წელს, ერთ სამოცდაათი წლის კვიპროსელ მოხუცს, გიორგი სირივიანოსს შესთავაზა მღვდლად ხელდასხმულიყო და დედათა მონასტერს მომსახურებოდა. იგი გახლდათ მღვდელ მიქაელის ხორციელი მამა, რომელიც იმხანად ვატოპედის მეტოქში, პორტო ლაგოსში, სამღვდელო მოვალეობებს ასრულებდა. ეს შემოთავაზება ბაბუას ძალიან მოეწონა, რადგან თავადაც თურმე დიდი ხანია ფიქრობდა ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილება ვერაფრით მიიღო. მაშინ გიორგიმ რჩევისთვის წმინდა იაკობ ცალიკისს მიმართა, რომელმაც უთხრა, რომ მისი მღვდლად კურთხევა ღმერთის ნება იყო და როგორც ჩვენი ბერი ურჩევდა, თავისი ასაკის გამო არ ეჭოჭმანა. მართლაც, მამა გიორგი საკმაო ხნის მანძილზე, დიდი მოშურნეობით ემსახურებოდა პლატეესის მონასტერს.

ჩვენმა მოძღვარმა დიდი შრომა გასწია სავანის აღდგენის საქმეშიც. მისი ინიციატივითა და შრომით აშენდა მთავარი ტაძარი პატიოსანი ჯვრის სახელზე, აგრეთვე სხვა დამხმარე შენობები. ეკლესიის ენკენიაზე[1], ბერის რჩევით, იქ ღმრთისმშობლის წმინდა სარტყელი და წმინდა იოანე ოქროპირის თავის ქალა წავაბრძანეთ.

იღუმენია დიდ პატივს სცემდა ბერს და ტელეფონით თითქმის ყოველდღიურად ესაუბრებოდა. 1990 ან 1991 წლის ზამთარში მონასტერი დიდთოვლობაში მოყვა. სავანეში მისასვლელი გზა ჩაიკეტა, ტელეფონის ხაზი დაზიანდა და ამგვარად დები გარე სამყაროს სრულიად მოსწყდნენ. იმ ხანად მობილურ ტელეფონებს ჩვენი ცხოვრება ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაპყრობილი. ზუსტად იმ კრიტიკულ დღეებში, როგორც პირადად მე თავად იღუმენიამ მითხრა, მათ მამა იოსებმა დაურეკა. ზარის გაგონებაზე დები გაოცდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სატელეფონო ხაზი გაწყვეტილი იყო. ბერი წინამძღვარს საკმაოდ დიდი ხანი ელაპარაკა, ანუგეშა და განსაცდელში გაამხნევა. როდესაც ყურმილი დაკიდეს, დები შეეცადნენ სხვაგანაც დაერეკათ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ ორი დღის შემდეგ აღდგა სატელეფონო კავშირი, როდესაც ამინდი გამოვიდა და ხაზები შეაკეთეს.

იღუმენია პავლინა მოგვიანებით ამერიკაში გაემგზავრა და სამხრეთ კაროლინის შტატში პარაკლიტის (ნუგეშინისმცემელის) მონასტრის წინამძღვარი გახდა, პლატეესის სავანე კი იღუმენია ელისეას ჩააბარეს, რომელიც წარმოშობით კვიპროსიდანაა და ჩვენს მოძღვართან ნათესაური კავშირი აქვს.

სულიერი კანონი მოქმედებს როგორც პიროვნებების, ასევე საზოგადოების მიმართაც

ღმერთი ყველგანაა და ყველაფრის არსებობის მიზეზია. თავისი ყოვლისმომცველი სიყვარულით იგი სამყაროს მართავს და ყველაზე ყოველდღიურად ზრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, მისგან არჩეულ უსამართლობასა და ბოროტებას მის მიერვე დაწესებული სულიერი კანონის მეშვეობით ზღუდავს.

სანამ ადამიანი რაიმე ცოდვას ან ბოროტებას ჩაიდენს, მისი არსების სიღრმეში, იქ, სადაც სინდისია, საიდუმლო ბრძოლა ხდება კეთილშობილური განწყობა, რომელსაც თანაგრძნობა, სიყვარული და ზნეობრივი სისუფთავე ახასიათებს, ებრძვის სიამოვნების ეგოისტურ, უხეშ და თავის მოყვარე სურვილს. როდესაც ადამიანი ამ ბრძოლის შედეგად ბოროტებას აირჩევს, გაუხეშდება და ცოდვას საქმითაც ჩაიდენს, მაშინ ის ღმერთის სამართლის წინაშე, რომელიც სამყაროს სიყვარულის სულიერი კანონით განაგებს, პასუხისმგებელი ხდება. თავისი ცუდი არჩევანითა და მოქმედებით ადამიანი სულიწმიდას ამწუხრებს, სინდისი ებღალება და გონება უბნელდება. ამიტომაც აღარ აქვს ონტოლოგიური, ანუ განცდის ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც თავისი სიყვარულით ყოველივეს სიცოცხლეს ანიჭებს. როცა ადამიანი ცუდს ირჩევს, მის გულს გადაეკვრის ბოროტების უხილავი საბურველი, რაც თავისი არსით, ერთგვარი თვითგაღმერთებაა. მიუხედავად იმისა, რომ დაცემის შემდეგ მისი ბუნება ხრწნადი გახდა, ადამიანი თითქოს უკვდავი იყოს, თავის თავს სამყაროს ცენტრში აყენებს.

ჩვენმა ბერმა გამოცდილებით იცოდა, რომ „ყოველი რჯულის გარდასვლა-დარღვევა და ურჩობა სამართლიან საზღაურს მიიღებს“. ის გვიამბობდა, რომ ერთხელ, როდესაც ხეზე სეფისკვერის ბეჭედს ჭრიდა, დანა აუცდა და ოდნავ მკერდში ჩაერჭო. თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა, მაინც აინტერესებდა, თუ რატომ დაუშვა ღმერთის სიყვარულმა ასეთი რამ. მაშინ საკუთარმა სინდისმა, რომელიც განუწყვეტელი სინანულის გამო საკმაოდ გაფაქიზებული ჰქონდა, მიუთითა, რომ რაღაცაში მორჩილების სიზუსტე დაერღვია.

ამ პატარა შემთხვევის წყალობით ბერმა მიაგნო იმ პრობლემის მიზეზს, რომლის გამოც ადამიანთა მოდგმა იტანჯება და მომავალშიც გაიტანჯება. როდესაც ჩვენ ღმერთის მცნებებს არ ვეთანხმებით ან არ ვიცავთ, ადამიანთა მოდგმის დაუნდობელ მტერს – ეშმაკს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღმერთისგან მოითხოვოს სამართლიანობის სულიერი კანონის განხორციელება. სულიერი კანონის მოქმედების შეჩერება მხოლოდ სინანულით არის შესაძლებელი. სინანული ცვლის ადამიანის შემეცნებას.

სწორ მიმართულებას აძლევს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას, რაც პრაქტიკულად, ცხოვრების წესის გამოსწორებით გრძელდება, და აწონასწორებს ადამიანის პიროვნებას ღმერთთან მიმართებაში.

კონკრეტულად საბერძნეთს რაც შეეხება, ბერი იოსები წინასწარ ხვდებოდა, რომ ერის ღმერთისგან დაცილებას საკმაო სირთულეები მოჰყვებოდა. 1985 წელს, როდესაც ქვეყანა კეთილდღეობის ზენიტში იყო, ბერმა თავის სულიერ შვილებს ასეთი რამ მისწერა: „ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ერი ეკონომიკის დაცემისგან, რადგან ეს ყველაზე მეტად გვემუქრება“[2],

1993 წელს, როდესაც უკვე ვატოპედში ვცხოვრობდით, ერთხელ ბერს სენაკში მივაკითხე. მან ჩემი მისვლა ვერ შენიშნა, რადგან ლოცვაში იყო ჩაძირული. ოციოდე წუთის შემდეგ შემამჩნია და მისალმების შემდეგ მკითხა, თუ რამდენი ხანი ველოდებოდი. მეც ვუთხარი, რომ არ იყო დიდი ხანი. მეუბნება: „მე, შვილო, ამას ვერ მოვესწრები, თქვენ კი მოესწრებით: მოვა დრო, როდესაც საბერძნეთიდან კაპიტალს გაიტანენ და ფული აღარ გვექნება. რთული დღეები გველის”. ბერი 1987 წელს წერდა: „ჭეშმარიტად, „რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაი, იდევნნენ“ და „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ – ასე შეიძლება დავახასიათოთ დღევანდელი უსამართლო სამყარო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. თანაც, ეს ყველაფერი, ჯერ იმის დასაწყისიც კი არ არის, რაც მალე უნდა მოხდეს საყოველთაო სამართლის აღსადგენად. ამიტომ იმაზე კი ნუ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს ან ის, არამედ იმაზე იფიქრეთ, ლოცვითა და დიდი მოთმინებით როგორ გაუმკლავდეთ მოახლოებულ მოვლენებს… განსაცდელებს, ავადმყოფობებს, ერთმანეთთან დაშორებას, მრავალ გასაჭირს – ეს გესმის ყოველდღე და სული გიმწარდება. რას დაემსგავსა მსოფლიო ღმერთის გარეშე! კაციჭამიებით სავსე ჯუნგლებს! ღმერთმა შეგვიბრალოს! ამასთანავე, ბირთვულ, ატომურ იარაღზე და მსგავს რამეებზე ლაპარაკობენ. მეშინია, ჩვენი ცოდვების გამო ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამოვცადოთ!“[3]

„დასაბამისეული ურჩხულის პირიდან გამოსული სიმყრალე, რომელმაც განსაცდელში უნდა გამოატაროს მსოფლიო, უკვე იგრძნობა და ჩვენში გულისრევას იწვევს. სანუგეშოდ ანგელოზების ის სიტყვები გვახსენდე ბა, ლოთს რომ უთხრეს: „გადარჩენით გადაარჩინე შენი სული”[4], საწყალი ახალგაზრდობა, ვისზეც ეს ყველაფე რი გადაივლის და მაინც, მხოლოდ ღმერთი რჩება ერთადერთ ნუგეშად“[5]

„საღმრთო გამოცხადების საიდუმლო, ჩემო კარგო ასულო, განუხრელად გრძელდება და „წმინდანი ჯერ კიდევ წმინდანობს და შებილწული იბილწება“ და „ვინ არის ბრძენი და გულისხმაყოს წყალობანი უფლისანი?“ ნათლისა და ბნელის ბრძოლა გრძელდება, ხოლო მოღვაწეთა ასპარეზი განემზადება, გულისხმისმყოფელი კი რწმენით ღაღადებს: „განაღე, უფალო, თვალნი ჩემნი, რათა არა დავიძინო სიკვდილად, და შენი დიდებისმეტყველებისთვის გამამზადე!“[6] მოძღვარი ხშირად გვახსენებდა სახარებისეულ სიტყვებს: „იღძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხდეთ განსაცდელსა“ — ყოველთვის ხაზს უსვამდა უდრეკი რწმენის მნიშვნელობას, რომ არსებითად, სწორედ ეს არის ბოროტებაზე არსებითი გამარჯვება. ბერი იმხანად უკვე „ხედავდა“, რომ მომავალში ბოროტი უფრო ძლიერ და ორგანიზებულ შეტევას მოახდენდა ადამიანთა რწმენაზე – რასაც უკვე ვხედავთ. 1987 წელს ის თავის სულიერ შვილს სწერდა: „თვალს ვადევნებ [სატანის] სიშმაგეს, და იმას, რომ ურჯულოების საიდუმლო უკვე არა მარტო მოქმედებს, არამედ გამეფდა კიდევაც და ყველაც დაატყვევა. რამდენი სიფრთხილე, ყურადღება და ღმერთისკენ სრული მიბრუნებაა საჭირო, რომ არსად გადავუხვიოთ, რადგან შორს არ არის ის დრო, როცა რჩეულებიც, გონიერებიცა და ჭკვიანებიც კი შეცდებიან!” ვაჟკაცური შემართებაა საჭირო, რომ კაცს ამდენი და ასეთი გავრცელებული ბოროტებისა არ შეეშინდეს. ღმერთი თავისიანებს არასდროს ტოვებს, რამეთუ „უფროს არს, რომელი ჩუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან“[7]


[1] ტაძრის კურთხევა.

[2] ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 15/28 ოქტომბერი.

[3] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1987 წლის 8/21 თებერვალი.

[4] 140. დაბ. 19,17. ზმნის დუბლირება („ცხოვნებით იცხოვნე“) წმინდა წერილში ხდება მაშინ, როდესაც მოქმედების სიმძაფრესა თუ მნიშვნე ლობას უნდა გაესვას ხაზი.

[5] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 16/29 ნოემბერი.

[6] ბერი საუბრისას ხშირად მის მიერ შედგენილ ლოცვებს ამბობდა, სადაც საკუთარ სიტყვებს კონკრეტულად თითოეული აქტუალური შემთხვევისთვის დიდი ოსტატობით შეუთავსებდა ხოლმე წმინდა წე რილისა და საღმრთისმსახურებო ტექსტების ციტატებს.

[7] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1987 წლის 20 თებერვალი/5 მარტი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share